სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხეს

შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. მისივე განმარტებით, სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის თარგმანში იყო უზუსტობა. თუმცა, კონკრეტულად ჩანაწერის რა ნაწილზეა საუბარი, მას არ უთქვამს. ამასთან დაკავშირებით, განცხადება ჟურნალისტებთან მაჩალიკაშვილის ადვოკატმაც გააკეთა.

მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ უნდა შემოწმდეს ჩანაწერის უწყვეტობა და აუცილებელია ალტერნატიული თარგმანი. უფლებადამცველი ასევე ამბობს, რომ დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ექსპერტიზისთვის კი მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუში აიღეს, რასაც ის დათანხმდა. ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე მტკიცებულებებს შორის პირთა გადაადგილების მარშრუტებია. არის თუ არა მათ შორის სოფელი ზემო მაჩხაანი, კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ „საუბარია სხვადასხვა სოფლებზე, სადაც შეიძლება პირი გადაადგილდებოდეს“. რაც შეეხება შეკითხვას, ელოდება თუ არა მაჩალიკაშვილი დაკავებას, ის ამბობს, რომ ყველაფერია შესაძლებელი. მისივე განცხადებით, პროტესტს არ შეწყვეტს და აქციას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.