სუს-ის უფროსი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხს. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მის თანამდევ შედეგებზე. ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას.