სტრასბურგის გადაწყვეტილება – პოლიტიკური შეფასებები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ პოლიტიკური პარტიები. 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ ექვსწლიანი განხილვა დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. 26 მომჩივანიდან 24-ის მიმართ სასამართლომ წამების აკრძალვის მუხლის დარღვევა დაადგინა. აქედან ერთი ნაწილის მიმართ გამოხატვის თავისუფლების, მეორე ნაწილის მიმართ კი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების დარღვევა.
სასამართლოს მთავარი მიგნება არის ის, რომ ძალა არაპროპორციულად იყო გამოყენებული, ვინაიდან დაშავდნენ ისეთი პირებიც, რომელთა მონაწილეობაც საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრაში და ძალადობრივ მოქმედებებში ვერ დასტურდება. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესები გადაიზარდა ძალადობრივ აქციაში და რომ პარლამენტში შეჭრისა და მისი შტურმის მცდელობები დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ახლა პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და გიორგი გახარიას გუნდს ეკისრება, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, კითხვები ახლა მიემართება ევროკავშირთან და გერმანიასთან, სადაც გიორგი გახარია იმყოფება.