კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს გვიან ღამით შეხვდა და ინფორმაცია გადასცა დონალდ ტრამპისთვის. დიმიტრი პესკოვს პუტინსა და უიტკოფს შორის საუბრის დეტალები არ გაუსაჯაროებია. კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით მხარს უჭერს აშშ-ის ოპტიმიზმს. პესკოვის ცნობით, ორივე მხრიდან არის იმის გაგება, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი საჭიროა, თუმცა, ზუსტი დრო ჯერ არ არის შეთანხმებული, მაგრამ, ამავდროულად, მას შემდეგ, რაც უიტკოფი მოსკოვში მიღებულ ყველა ინფორმაციას თავის სახელმწიფოს მეთაურს გადასცემს, ისინი განსაზღვრავენ საუბრის პერიოდს.
კრემლის პრესსპიკერმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კრემლის თხოვნით მოლაპარაკებებიდან ჩახსნეს. პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ფრთხილ ოპტიმიზმს ამართლებს.