სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

„არჩილ მორბედაძე და ამალია ბადალიანი საქართველოს განათლებისა მინისტრის წინააღმდეგ“ – ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობით აბიტურიენტი ახდენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების, მისი ფორმის არჩევისა და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების უფლებების რეალიზებას. სადავო ნორმით ხდება დასახელებულ უფლებებში არაპროპორციული ჩარევა, რადგან ის გამორიცხავს დამატებითი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც აბიტურიენტის ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებებით.

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, იმართება დისტანციურად.