სიძულვილის ენა – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სხვისი შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება არაა, კვლავ შეფასებების თემაა თბილისში. საუბარია სლოვენიის მოქალაქეზე, რომელიც დამნაშავედ ცნეს და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი კი სტრასბურგში სამართლიანად მიიჩნიეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სტრასბურგმა ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი კიდევ ერთხელ აჩვენა. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული საქმე განსხვავებული კონტექსტისაა და პარალელის გავლება საქართველოსთან არ შეიძლება.
შეგახსენებთ, სლოვენიის მოქალაქის, მიტია კუნსტელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მის პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტების გამო აღიძრა. კუნსტელი ამტკიცებდა, რომ პატიმრობის სახით სასჯელის დაკისრებამ დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მე-10 მუხლის დარღვევა არ მომხდარა. სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ პოსტები შეიცავდა „სერიოზულ შეურაცხმყოფელ ენას“, რომელიც ჟურნალისტებს უკიდურესად ნეგატიურად წარმოაჩენდა.