სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მკაცრდება

ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაურისა და საგზაო მოძრაობისას დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის, სანქციები მკაცრდება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა დაზიანება, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად იქნება 600 ლარი. პროექტით ცვლილებები სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სხვა რეგულაციებსაც შეეხება.