შტურმი „აზოვსტალზე“ გრძელდება

გუშინ მარიუპოლის „აზოვსტალიდან“ 50 ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა „ფეისბუქში“ დაწერა. „უკანა გზაზე ხალხის აყვანა „პორტსიტიში“ უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რადგან სრული კოლონა იძულებული იყო, „აზოვსტალთან“ მდგარიყო. იქ იყო შეტაკებები და სხვა პროვოკაციები. მტერი მუდმივად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. ამიტომ, ევაკუაცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა. თუმცა, დღეს ჩვენ მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ 50 ქალის, ბავშვისა და მოხუცის გამოყვანა. ხვალ დილით ევაკუაციის ოპერაციას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

მისივე თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წარიმართება, დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე „პორტსიტიში“ ავტობუსები იდგება, რომლებიც ხალხს ბეზიამინში მიიყვანს. ხალხი „პორტსიტიდან“ შეუერთდება „აზოვსტალის“ კოლონას, რომელიც მეორე დღეს ზაპოროჟიეში გაემგზავრება.

აზოვსტალიდან“ ევაკუაციის პროცესზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, სამრეწველო კომპლექსში გამაგრებული უკრაინელი სამხედროების გადარჩენის პროცესში გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები მონაწილეობენ.