შსს-ს განცხადება შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს. სადაც წერია, რომ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება. გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით, ამ პერიოდში მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.

უწყება მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა და ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციასა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო პროცესების დროს პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს. პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.