შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 67,25%-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,26%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვის პერიოდში ნარკოდანაშაულის 7 199 ფაქტი გამოვლინდა. 75%-იანი ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით, როგორიცაა ე.წ-ლ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები, ასევე, 33%-ით გაიზარდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტების გამოვლენაც.
ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, შემცირებულია ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორებიცაა: ბინიდან ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა და გამოძალვა. ასევე შემცირებულია განზრახ მკვლელობების რაოდენობა. მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია ფიქსირდება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტების კუთხით. შემცირებულია სქესობრივი დანაშაულების რაოდენობაც. ასევე შემცირდა კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის, მათ შორის არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტების რაოდენობა.