შსს-მ ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა

ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს მარნეულში. აქედან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვის არის ნასამართლევი. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ხუთი შეკვრა „ჰეროინი“. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფაქტია გამოვლენილი. პოლიციამ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე აიყვანეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია რვა შეკვრად დაფასოებული, სხვადასხვა დასახელების სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულმა ოთხი სხვადასხვა სამალავი მიუთითა, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ოთხი შეკვრა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. 1980 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ამოღებულია რვა შეკვრად დაფასოებული 122 გრამზე მეტი „კოკაინი“, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი „სუბოტექსი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ .