შს მინისტრის განცხადება, რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე

შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთავში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტს და ამ საქმესთან დაკავშირებით, პოლიციელების მონაწილეობას ეხმაურება. კითხვაზე, სამართალდამცველების გადაცდომაზე აპირებს თუ არა ის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, მინისტრი აცხადებს, რომ უწყებას ათიათასობით თანამშრომელი ჰყავს და ყველა გადაცდომაზე, მინისტრის მხრიდან გადადგომაზე გადაწყვეტილების მიღება, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ამავე ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ხოლო ორს ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავებიან, მათგან ერთი ძებნილია. 35 წლის მუმლაძის ცხედარი რუსთავში მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა, დაპირისპირების მიზეზად, ერთ-ერთ ბრალდებულთან, ზურაბ ჯღარკავასთან წარსულში კონფლიქტი სახელდება.