შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის ექვს თვეში დაფიქსირებული 29 915 დანაშაულიდან, გახსნილია 72%-ზე მეტი. განსაკუთრებული ზრდაა ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის მიმართულებით. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვს თვეში სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 4 995 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 963 ნარკორეალიზატორია. მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, კერძოდ 27 პროცენტით შემცირდა ყაჩაღობის, 9 პროცენტით ქურდობისა და 28 პროცენტით ბინის ქურდობის ფაქტები.
სტატისტიკა მოიცავს უკანონო მიგრაციის მონაცემებსაც. ირკვევა, რომ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 2 036 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 4-ჯერ აღემატება.