შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

15:24, 10.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ახალ დეტალებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო 2014 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზეა გადაღებული. შსს-ს ცნობით, დადიანიძე იმავე დღის დილის 4 საათზე გაუჩინარდა. გამოძიების მიხედვით, არასრულწლოვანი ლომისის სალოცავიდან დაბრუნებისას, ნათესავთან და მეზობლებთან ერთად გადაადგილდებოდა. გზაში ის, შესვენების მიზნით, ქვაზე ჩამოჯდა და თანმხლებ პირებს სთხოვა, გზა გაეგრძელებინათ, თავად კი დაეწეოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მისი კვალი გაქრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას, არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე, მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.

შსს აცხადებს, რომ საქმეზე საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები 2014 წლიდან მიმდინარეობს და ინფორმაცია, თითქოს ამ პერიოდში შესაბამისი ღონისძიებები არ ტარდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი