შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე სავალი ნაწილია დაზიანებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოხდა დაზიანებული ფილის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად, უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.