შემთხვევა სამტრედიის ქუჩაზე

სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალის ცხედარს პროზექტურაში ექსპერტიზაზე ცოტა ხანში გადაასვენებენ, ბინაში მყოფი სამივე ქალი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მომხდარი შემთხვევის შესახებ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი ქალი ორი დღის გარდაცვლილია. ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში კიდევ სამი ქალი დახვდათ, მათგან ორი უგონო მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთი ქალი გარდაცვლილის და არის, მეორე – ნათესავი, მესამე 30 წლამდე ქალი კი გარდაცვლილის დას ნაშვილები ჰყავდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილის დისშვილს, სავარაუდოდ, ფსიქიური პრობლემები აქვს. ის ერთადერთია, ვინც სახლში შესულ მაშველებს კონტაქტური დახვდათ.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში ქალის ცხედარი დღეს იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლების თქმით, მათ კარს არავინ უღებდა, რის შემდეგაც, მაშველები გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში ქალის ცხედარი დახვდათ.