შემოსავლების სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევა - ხაზარაძის გამოხმაურება
მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემაზე და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების საკითხზე შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპატიმროში მყოფი მამუკა ხაზარაძე. როგორც „ლელოს“ ლიდერი განმარტავს, ხელშეკრულება გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. ამასთან, მისივე განცხადებით, მათ მიერვე წინა კვირაში აღმოჩენილი იყო ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრის-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია და მათივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა.
ამასთან, როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ხაზარაძემ შემოსავლების სამსახურის გარდა, მოატყუა ანტიკორუფციული ბიურო, როდესაც აღნიშნული ხელშეკრულებისა და შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ მიუთითა არც თანამდებობის პირთა და არც საჯარო მოხელეთა ქონებრივ დეკლარაციებში.