მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს. ხაზი გაესვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებას. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ და ალი ნაგიევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.