შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება. პირველი კანდიდატი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს მივა, მანამდე კი „ევროპული საქართველოს“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და კანდიდატების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ფონდი ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით, ამ კანდიდატების მიერ განხილული საქმეები და მათი ფინანსური საკითხები შეისწავლეს და გარკვეულ შემთხვევებში ინტერესთა კონფლიქტი გამოავლინეს. მათი განცხადებით, მიღებული იყო ასევე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათთვის სასურველ კანდიდატებს დაუჭერს მხარს. მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და ოპოზიციასაც და არასამთავრობო სექტორსაც კანდიდატებისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნებათ. თითოეულ კანდიდატთან გასაუბრება ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდება.