შეიარაღებული დაპირისპირება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შეტაკებები დილით ადრე დაიწყო. კონფლიქტმა საზღვრის მთელი პერიმეტრი მოიცვა. ყირგიზეთში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთი ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავებას ცდილობს და სარაკეტო სისტემებს, ავიაციას, მძიმე ტექნიკასა და ნაღმტყორცნებს იყენებს. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ყირგიზეთის ხელისუფლება იუწყება, რომ ბათქენის სასაზღვრო რაიონში დაჭრილია 18 ადამიანი. საზღვრისპირა რაიონებიდან მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჯერად მხარეები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებებს მართავენ. შედგა საუბარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ყირგიზეთის საგარეო უწყებაში პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარებაზე გაამახვილეს ყურადღება. ტაჯიკეთში კი ოფიციალური პირები შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.