შეიარაღებული დაპირისპირება სუდანში

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, სუდანში სროლის ხმა ისევ ისმოდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სროლა დედაქალაქში შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო. დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის 24 საათით შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომ დაჭრილების ევაკუაცია და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება მომხდარიყო.

სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. „ბიბისის“ ცნობით, ქალაქში მიმდინარე ბრძოლების გამო, 200-მდე ადამიანი დაიღუპა. სუდანის დედაქალაქში სურსათისა და წყლის დეფიციტია.