შეფასებები უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე

უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილს თბილისში ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ შეფასებით, სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინტერპრეტაციები და არასწორი ნაბიჯების გადადგმა ხდება, რაც აზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილისადმი რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოგზავნილი წერილის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გაუგებრობებს მალე ადგილი აღარ ექნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბუჩაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა აუცილებელია.

შეგახსენებთ, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მისი მიწვევა ბუჩასა და ირპინში „შეუფერებლად“ შეაფასა. სტეფანჩუკის თქმით, პაპუაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს უკრაინაში წასვლას, ვიდრე „უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სრულად არ გააცნობიერებენ იმ ძლიერ მხარდაჭერას“, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ იჩენს, მხარდაჭერის მაგალითად კი საერთაშორისო არენაზე უკრაინისთვის ხმის მიცემა არის დასახელებული. უკრაინის რადას თავმჯდომარის განცხადებით, კიევი აფასებს ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს.