შალვა პაპუაშვილის წერილი – გამოხმაურება

18:12, 08.12.2025

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება ალეკო ელისაშვილის ქმედებას.

„უკვე ათი დღეა, რაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული. მან თავად აღიარა დანაშაული და დაადასტურა მისი პოლიტიკური მოტივი. ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო განზომილების მქონე უმძიმესი დანაშაული, არ ექვემდებარება პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს, პარტიულ სოლიდარობას ან იდეოლოგიურ გამართლებას.

„ამ ფონზე პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი – ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ლელო“ არის „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) წევრი. ევროპულ პოლიტიკური სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება, ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან.

ამ კონტექსტში პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც, რომლის წევრიც ეს პარტიაა. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიული სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. ამასთან, მაშინ როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე.

ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ტერორიზმის წამახალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები კი თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.

მსგავსი