შალვა პაპუაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთი  განცხადებას ავრცელებს და ამჯერად უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „უკრაინის ხელისუფლების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილების ცვლილების განზრახვაზე უცხოელების რეაქცია კარგად აჩვენებს, რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე,“ – წერს შალვა პაპუაშვილი. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„ერთი შეხედვით, რა უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც „ჰაიმარსებს“, „ატაკამსებს“ და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ მსგავსი, გარედან თავს მოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები, სინამდვილეში, ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია და ამ კარიბჭეებს ასე ადვილად რომ არავინ დაგახურინებს, ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში, ბოლო წლებია. რა დამთხვევაა, რომ NABU-ს უფროსის მოადგილე (ანუ თვალი და ყური) მისი დაფუძნების მომენტიდან (2015 წლიდან) სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების უკრაინაში გაქცეული პროკურორი გიზო უგლავა იყო, რომელიც შარშან, სექტემბერში უკრაინის ხელისუფლებამ შიდა ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლა (ფაქტობრივად, აგენტი ამხილა). ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ. სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის საქმეში გამოცდილი თვალყურის მდევნებლების მისაჩენად. ამიტომაც არის ეს ხალხი „დიფ სთეითის“ მიერ ხელშეუხებლად გამოცხადებული.