„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის სასამართლო პროცესი
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, გივი წულეისკირისა და „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. პროცესი დაახლოებით ნახევარ საათში დაიწყება, მანამდე კი დაზარალებული მოქალაქეები არიან შეკრებილი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ცნობილია, რომ პროკურატურა, ორივე პირის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს შეთავაზებას გეგმავს.
პროცესს არ დაესწრება გიორგი მურუსიძე, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება და საგამოძიებო უწყება მასზე ძებნის გამოცხადებას გეგმავს. ორივე პირს გამოძიება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლებას ედავება. პროცესი აქციის ფონზე გაიმართება, რადგან საქალაქო სასამართლოსთან „სფერო ჰოლდინგის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბნენ.