სერგეი ლავროვის განცხადება

რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში არსებობს ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმება შესაძლებელია, – აცხადებს სერგეი ლავროვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ რუსულ ტელეკომპანია „არ-ბე-კას“-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა. ეს ბევრად უფრო რეალისტური შეფასება იყო, რომელიც ზელენსკისგან მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, რადგან მანამდე ის კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახლა მოლაპარაკებებზე განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი, რაც დაკავშირებულია რუსეთის მოთხოვნასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები როგორც საკუთარი, ისე უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატო-ს გაფართოება გამორიცხულია. აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხარეთა პოზიციები უფრო რეალისტურად ჟღერს.