გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლოს გადაწყვეტილება
გვიან ღამით დასრულდა სასამართლოში დაკავებულთა სასამართლო პროცესი. ჟურნალისტ ვახო სანაიას ექვსდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს. ასევე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო დავით გოგიჩაიშვილი და მას ექვსდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე გაიმართა 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებული სხვა პირების პროცესებიც. შსს-ში განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს განცხადებით, აგრეთვე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც კანონდარღვევაა. რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.