ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოცხადდა გუშინ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილება – საქალაქო სასამართლომ აქციების მიმდინარეობისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული თერთმეტივე პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომლის მხარდასაჭერად სასამართლოსთან მისი კოლეგები იყვნენ შეკრებილი.
დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატივის სახით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს. ჯერ კიდევ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, უკმაყოფილება გამოიწვია საგამოძიებო ვადის გაგრძელებაზე მოსამართლის განცხადებამ, რომელიც ადვოკატებმა პროკურატურის პოზიციის გაჟღერებად მიიჩნიეს. სხდომაზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ანდრო ჭიჭინაძემ და კიდევ ორმა ბრალდებულმა.