4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირიდან ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, 15 ბრალდებულიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება შვიდ პირს – ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ შემდეგ პირებს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას. მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდავოდ გახადეს.
დანარჩენმა პირებმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ და 4 ოქტომბერს საქართველოს ინტერესებს იცავდნენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. რაც შეეხებათ პირებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.