საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მათ შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. სხდომაზე ადვოკატმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვა. ინტერესების დამცველის, გუჯა ავსაჯანიშვილის ცნობით, გუშინ საღამომდე იცოდა, რომ წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ნინო თარაშვილს უნდა განეხილა, თუმცა მან საქმე აიცილა. მის შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა ადვოკატებიც. აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ განმარტა, რომ უკვე გაეცნო საქმის მასალებს. ადვოკატებმა პროკურორების აცილებაც მოითხოვეს. მიზეზად კი ერთ-ერთი პროკურორის უცხო ქვეყნის მხრიდან სანქცირებულთა სიაში მოხვედრა დასახელდა.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.