სასამართლო პროცესი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, რომელზეც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა ბრალდებული, ამ წუთებში, ჩვენებას აძლევს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე. ასევე დღესვე, მოწმის სტატუსით პროცესზე გამოიკითხება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარაშვილიც. რა შემხებლობა აქვს აღნიშნულ საქმესთან შაქარაშვილს, ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ სცემს, თუმცა, ამბობს, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე, თავად გახარიამ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, აღიარებითი ჩვენება მისცა. როგორც ცნობილია, აღნიშნული საქმის ფარგლებში, ბრალდების მხარეს კიდევ რამდენიმე მოწმე ჰყავს გამოსაკითხი.
გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის მიხედვით, ყოფილმა პრემიერმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი აღმოჩნდა.