სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მინდაძის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების ერთი მოწმე დაიკითხა. მოწმე შსს-ს წარმომადგენელი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული მედიის საშუალებით ნახა. მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ესვრის დაკავებული პიროტექნიკას სამართალდამცველს. აღნიშნულ ჩვენებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ასევე, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა ბრალდების მხარის ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.