სასამართლო პროცესი

პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ამ ეტაპზე საქმე ეხება შვიდ ბრალდებულს – ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის წარმომადგენლების ნაწილმა დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ადვოკატების განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. პროცესი მომდევნო კვირაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სასჯელი უკვე შეფარდებული აქვთ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებს, ამავე ფაქტზე დაკავებულმა 20-ზე მეტმა პირმა კი საპროცესო შეთანხმება გააფორმა.