ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებაში ბრალდებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის სასამართლო პროცესზე დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყო. პროცესზე უკვე დაიკითხა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მეგობარი, ანა პეტროსიანი. მისი განცხადებით, აქციებზე 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდე, ერთად დადიოდნენ და ცეცხლაძის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა არ დაუნახავს. პირიქით, მისი თქმით, ცეცხლაძე სხვებს იცავდა ძალადობისგან და მასთან ერთად მყოფებს ეხმარებოდა. როგორც პეტროსიანმა განაცხადა, ცეცხლაძე სპეცრაზმის მიერ იყო ნაცემი და დაზიანებები სახეზეც აღენიშნებოდა. ამასთან, მოწმის თქმით, ცეცხლაძის სახლში – სართიჭალას 8 ნომერში მრავალჯერაა ნამყოფი და იქ არც მოლოტოვის კოქტეილები, არც კვერცხებში ჩასხმული საღებავები უნახავს, რასაც ედავებიან.
პროკურორი ასევე დაინტერესდა, მოწმეს ჰქონდა თუ არა ნანახი „დაფიონის“ გვერდზე 30 ნოემბრის მიმართვა, რაზეც პეტროსიანმა უარყოფითი პასუხი გასცა. ამ წუთებში კი პროცესზე დაცვის მხარის კიდევ ერთი მოწმე, დავით კაკალაშვილი იკითხება. დაცვის მხარის მოწმეთა ნაწილი პროკურატურამ უდავო გახადა და დასაკითხ პირთა სიიდან ჩახსნეს.