საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიევში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში შეხვედრებს მართავს. „ჩავედი კიევში ქართველ პარლამენტარებთან ერთად, რათა გადავცე უკრაინას საქართველოს გზავნილი: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი. უკრაინული მხარის მოთხოვნით, საომარი მდგომარეობიდან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვიზიტის დეტალები შეხვედრების დასრულებამდე არ საჯაროვდება.

ქართველი კანონმდებლები უკრაინაში გუშინ გაფრინდნენ. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, მასში „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლების გარდა, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატი შედის. ვიზიტი ერთდღიანია. დელეგაციის წევრები, სავარაუდოდ, მოინახულებენ საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქებსაც.