საქართველოს პროკურატურის განცხადება

მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „ორი დღეა, მთელ რიგ საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია დაკავებულ პირთა ნაწილზე, რომ მათ ან მათ მცირეწლოვან შვილებს აქვთ მძიმე დაავადებები და რომ თითქოს აღნიშნულ გარემოებას ბრალდების მხარე ყურადღებასაც კი არ აქცევს. მსგავსი ინფორმაციები კამპანიურად ვრცელდება, მაგალითად, ალექსანდრე გოგოლაძეზე, გიორგი ჩახუნაშვილზე, მათ შორის ასაკზე მითითებით. ამ ფონზე, რაც უნდა პარადოქსული იყოს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციას ხსენებული მძიმე დაავადებების შესახებ“.

პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს, ნაცვლად ინფორმაციების კამპანიურად გავრცელებაში ჩართულობისა, პარალელურად მაინც წარმოადგინონ გავრცელებული ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის შეფარდების მიზანშეწონილობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციები ემსახურება მხოლოდ სუბიექტურ პიარულ მიზნებს და არა ბრალდებულების ინტერესებს – განსაკუთრებულ შემთხვევაში შეეფარდოთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება.