საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტის პირველი განმარტება მის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე.

„თუ ჩემი გადაწყვეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ამიტომ შეწყალების გამოყენების უფლების დახვეწის ინიციატივით გამოდის. „ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტისა და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად, დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა.”– წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული. პრეზიდენტის ინიციატივას შეფასებები მოჰყვა პარლამენტში.

დატოვე კომენტარი