საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უკრაინიდან დაბრუნდა

უკრაინიდან პოლონეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი პოლონეთის დედაქალაქიდან ცოტა ხნის წინ დაჯდა. საქართველოში დაბრუნებულები ამბობენ, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქი მარტის შუა რიცხვებში დატოვეს და პოლონეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ვარშავიდან მათი ტრანსპორტირება საქართველოს საელჩომ უზრუნველყო. სახელმწიფო განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, ვისაც უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნება სურს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 80-მდე მოქალაქე, მიმდინარე კვირაში კი, საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ასევე მიმდინარე კვირაში რუმინეთიდან დაბრუნდა საქართველოს 75 მოქალაქე. ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით დღეს ავტობუსის მორიგი რეისია დაგეგმილი. საქართველოს საკონსულოს დახმარებით, ოდესიდან მოქალაქეები მოლდოვის მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება. ამ დროის მონაცემებით, სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს 2 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.