საქართველო უკრაინისგან მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ წაყენებული ბრალდების გამო საქართველოში ვნებათაღელვა იზრდება.

ოფიციალური თბილისი კიევისგან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას ან ბრალდების საჯაროდ უარყოფას მოითხოვს. მმართველი გუნდის რიტორიკა მწვავდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას თავად მოსთხოვა ფაქტების წარდგენა იმ ბრალდების გასაქარწყლებლად, რომლის მიხედვით რუსეთთან ომგამოვლილი საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში და იარაღის მიწოდებაში ეხმარება.

მიზანმიმართული პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობით – ასეთია შეფასებები მმართველი პარტიიდან. „ქართული ოცნების“ ლიდერები უახლოეს დღეებში პროვოკაციების გახშირებას ელოდებიან და არ გამორიცხავენ, რომ კიევის მძიმე ბრალდებაც ამ კამპანიის ნაწილი იყოს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია, რომლის მიხედვით რუსეთი სანქცირებული ტვირთის, მათ შორის იარაღის მისაღებად საქართველოში კონტრაბანდულ არხებს ქმნის, განხილვის თემაა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც. გზავნილია, რომ საკითხი სამთავრობო არხებით სასწრაფოდ იყოს გარკვეული.