საქართველო-დანიის დაპირისპირება ანგარიშით 0:0 დასრულდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დაასრულა.

ჩვენი გუნდი მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდა. ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო ისვენებდა, ნახევარდაცვაში მისი მეწყვილე ნიკა კვეკვესკირი კი ტრავმირებული იყო.

ანალოგიური მიზეზით, ვლადიმირ ვაისის გუნდს დააკლდა სამი ცენტრალური მცველი (საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ლაშა დვალი). დანია კი თბილისში მთავარი მწვრთნელის გარეშე გვესტუმრა. აგე ჰარეიდე მუხლის ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა და სტუმრებს მისი ასისტენტი, დანიის ნაკრებისა და მილანის ყოფილი თავდამსხმელი იონ დალ ტომასონი უძღვებოდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. მეორე ნახევარში ჩვენი ბიჭები გააქტიურდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ უშედეგოდ და შეხვედრაც უგოლოდ დამთავრდა.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფში, ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა.