საქართველო 2:3 თურქეთი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წაგებით დაიწყო – ვილი სანიოლის გუნდმა თურქეთს უმასპინძლა და ორი ლიდერის, კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში 2:3 დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნეს, 43-ე წუთზე კი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ, ქერემ აქთურქოღლუმ მეორე გოლი გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით დაიწყო – თურქების სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, ჩვენს კარში მესამე გოლი გავიდა. 63-ე წუთზე კარგი კომბინაციის დამსახურებით ზურიკო დავითაშვილმა შეძლო გოლის გატანა. რამდენიმე წუთში კი თურქეთის ნაკრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა – გიორგი ქოჩორაშვილთან უხეშობისთვის არბიტრმა მოედნიდან ილმაზი გააძევა.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თურქებს მეორე გოლიც გაუტანა, მაგრამ საბოლოოდ საქართველოს ნაკრები 2:3 დამარცხდა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში გამართავს, „ჯვაროსნების“ მეტოქე ბულგარეთი იქნება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.