საპროტესტო აქციები საფრანგეთში
პარიზში დილიდან სიმშვიდეა – ღამით ერის მოედანზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაძაბულობა მანამდე ვოლტერის ბულვარზეც იყო. პოლიციის ინფორმაციით, ნიღბიანმა პირებმა კერძო საკუთრება დააზიანეს. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად საპროტესტო მსვლელობა რამდენჯერმე შეფერხდა. დაშავდნენ დემონსტრანტები. პარიზში გამართული აქცია საფრანგეთის მასშტაბით ორგანიზებული საყოველთაო გაფიცვის ნაწილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, დემონსტრაციებში დაახლოებით 600 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პროფკავშირებში კი მილიონ 600 ათას მონაწილეზე საუბრობენ. მოქალაქეები ხელფასების ზრდას, ცხოვრების ხარჯების შემცირებასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გაფიცვის გამო დაიხურა ეიფელის კოშკი, შეფერხდა რამდენიმე საჯარო სამსახურის მუშაობა. ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციების დროს 448 ადამიანი დააკავეს. დაშავდა 53 სამართალდამცველი.