საპროტესტო აქციები და ვითარება ირანში

21:10, 10.01.2026

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგშია. „მივმართავ ირანის ლიდერებს, სჯობს, არ დაიწყოთ სროლა და ხალხის მოკვლა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ მძიმედ დაგარტყამთ“, – აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და დარტყმას აანონსებს იქ, სადაც ირანისთვის ყველაზე მტკივნეული იქნება. დონალდ ტრამპის გზავნილი კიდევ უფრო მკაფიო მას შემდეგ გახდა, რაც ირანის სულიერმა ლიდერმა აშშ ღიად დაადანაშაულა საპროტესტო აქციების წახალისებაში. ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ ევროპელი ლიდერები, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელი კი ითხოვს, დაცულ იქნეს საერთაშორისო სამართლის ნორმები.

პარალელურად, უკვე 36 საათზე მეტია, ირანში გათიშულია ინტერნეტი და საერთაშორისო ზარები, დემონსტრაციები კი ფაქტობრივად, ყველა პროვინციაში გრძელდება. დაკავებულია 2 300-ზე მეტი მომიტინგე, შეტაკებების შედეგად კი დაღუპულთა შორის ცხრა ბავშვია. ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი, რეზა ფაჰლევი მთელ მსოფლიოში მყოფ ირანელებს მოუწოდებს, აქტიურად იბრძოლონ სამშობლოს თავისუფლებისთვის. თავად ემიგრაციაში მყოფი ფაჰლევი დარწმუნებულია, რომ ირანულ დიასპორას „კრიტიკული როლი“ აკისრია.

მსგავსი