საპროტესტო აქციები საფრანგეთში

15:03, 19.10.2026

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობის ნიშნად, ამ წუთებში ლუვრის შესასვლელი აქვთ გადაკეტილი. მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ კი, რომლებიც ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის პირველ ვადაში მასშტაბური მრავალთვიანი გაფიცვების ორგანიზატორები იყვნენ, 24 ოქტომბრიდან აქციების განახლებას, ე.წ. მეორე აქტის დაწყებას აანონსებენ.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ყველაზე მასშტაბურ შემთხვევად შეფასდა. დამწვარია ისტორიული და სახელმწიფო შენობები, გაძარცულია მაღაზიები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში, არეულობისა და ვანდალიზმის ათეულობით ფაქტის შედეგად, ზიანი მიადგა 2000-ზე მეტ სავაჭრო და ბიზნესობიექტს. მიყენებული ზარალის ოდენობა, წინასწარი შეფასებით, ასეულობით მილიონ ევროს შეადგენს. ამ დროისთვის დაკავებულია 2 400 აქტივისტი, დაშავებულია 1000-ზე მეტი პოლიციელი, მაშველი და მეხანძრე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ მათ მიერ გაკეთებული პროგნოზი, რომლის მიხედვითაც აქციებზე ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 200 ათასამდე ადამიანის გასვლა იყო ნავარაუდევი, არასწორი აღმოჩნდა და სინამდვილეში, ქუჩაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა.

პარალელურად კი, ადგილი ჰქონდა კერძო საკუთრების გამიზნულად დაზიანებას. რის გამოც მინისტრმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა, პრეზიდენტმა მაკრონმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. კრიზისზე რეაგირებისთვის, მაკრონის დავალებით, დღეს დილით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა. ვითარებიდან გამოსასვლელად ხელისუფლება ერთობლივად იმსჯელებს როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე პროფკავშირებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და საქალაქო საბჭოებთან. დისკუსიებში ასევე ჩაერთვებიან მოვაჭრეები, დისტრიბუტორები, სასტუმროების, რესტორნების, ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, რათა სრულად შეფასდეს მიყენებული ზარალი.

მსგავსი