ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“. მოსამართლეებს ტერიტორიის დასატოვებლად სამართალდამცველების დახმარება დასჭირდათ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა რესტორანთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პერიმეტრიდან გარკვეული მანძილით გადასწიეს და ერთგვარი კორიდორი შექმნეს, რის შემდეგაც მოსამართლეებმა რესტორანი დატოვეს. ადგილზე იყო წყლის ჭავლის მანქანაც.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეები კორპორატიული წვეულებისთვის იყვნენ შეკრებილი. მოსამართლეებს რესტორანში ყოფნა აქციის მონაწილეების შეძახილის ფონზე და კვერცხების სროლის პარალელურად მოუწიათ. „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, იყო ასეთი შეძახილები. ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება და სამართალდამცველებმა ცხრა პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.