საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. უფლებადამცველი 173-ე მუხლის საფუძველზე აიყვანეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება პარლამენტთან დაკავებულ კიდევ შვიდ პირს, ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. აქციის მონაწილეთა თქმით, გუშინდელი დაკავებების მიზეზი საპროტესტო პლაკატები გახდა. გვიან ღამით პოლიციის სამმართველოსთან მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე რამდენიმე დღეა, აქტივისტები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას მართავენ. გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მომხდარი გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.