საპროტესტო აქცია მელიტოპოლში

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში ადგილობრივი მცხოვრებლების საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტები რუსი სამხედროების მიერ ქალაქის მერის გატაცებას აპროტესტებენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ მოქალაქეები საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ და მელიტოპოლის მერის, იგორ ფედოროვის გათავისუფლება მოითხოვეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათასობით ადამიანი უკრაინის სახელმწიფო დროშებით ხელში სკანდირებს „თავისუფლება მერს“.

11 მარტს გახდა ცნობილი, რომ ქალაქის მერი გაიტაცეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მომხდარის გამო, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეადარა.