4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან აქციაზე დაკავებული პირთა ნაწილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდება, პროცესი, სადაც რვა პირმა საპროცესო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს, ამ წუთებში იწყება. საუბარია ალექსანდრე ხაბეიშვილიზე, ბექა ქელეხსაშვილზე, გიორგი მუმლაძეზე, მამუკა ლაბუჩიძეზე, გურიელ ქარდავზე, ავთანდილ სურმანიძეზე, ვახტანგ ფიცხელაურზე და თემურ ქურციკიძეზე. მათ ბრალი აღიარეს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებით, სამწლიანი პირობითი მსჯავრით ათავისუფლებენ. 17:00 საათზე ასევე მეორე საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, და სხდომათა დარბაზიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდება – გიორგი ქორქია, ლაშა ივანაძე, ხვიჩა გოგოხია, გიორგი რურუა, ლევან ჯიქია და სერგო მეგრელიშვილი.
ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობისას დაკავებულ პირებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. მათგან ათ პირს, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსებს, სასჯელი უკვე განესაზღვრათ. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებებზე მზაობა სულ 22-მა პირმა გამოთქვა. შესაძლოა, მათი რიცხვი გაიზარდოს.