საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მზია ლომთათიძემ დღეს დაამტკიცა. მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკვია წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არიან ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ზოდელავა და ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია – 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი – 16 ნოემბერს.
შეგახსენებთ რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
დღესვე საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულებმა – კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ. შესაბამისი პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ მსჯავრდებულ, დავით ჟღენტს, ის დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უცნობია.
მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. აღნიშნულ საქმეს კიდევ ერთი მსჯავრდებული – ია დარახველიძე ჰყავს, ის ძებნაში იმყოფება.