საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში

გაფუჭებული ბიულეტენები, ხმის მიცემის ცეცხლმოკიდებული კაბინები, მოლოტოვის კოქტეილები – რუსეთის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქეები საკუთარი პროტესტის გამოხატვას ამ ფორმით ცდილობენ. პარალელურად, იერიშები არ წყდება უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში – ასეთია ვითარება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობის შესახებ იტყობინება. ხვალ ხმის მიცემის დასკვნითი დღეა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტის მეხუთე ვადით დასაკავებლად ემზადება. საკონსტიტუციო ცვლილებებით, წინა საპრეზიდენტო ვადების განულების შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენას ვლადიმერ პუტინი 2036 წლამდე შეძლებს.